English / ქართული / русский /
ლელა მენაბდიშვილი
მართლმადიდებელ მორწმუნეთა რეპროდუქციული ქცევის თავისებურებები

ანოტაცია

ნაშრომში სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე განხილულია მართლმადიდებელი მორწმუნეების რეპროდუქციული ქცევის თავისებურებები. ნაჩვენებია სარწმუნოების მნიშვნელოვანი გავლენა ოჯახში ბავშვთა შობის დაგეგმვაზე; რეპროდუქციული ქცევის ინდიკატორებზე; რწმენნის ხარისხის, წირვა–ლოცვაზე დასწრების სიხშირის გავლენა ოჯახში ბავშვთა მოსალოდნელ რაოდენობაზე გამოკვეთილია მორწმუნე მართლმადიდებლების რეპროდუქციული ქცევის მიდრეკილება მრავალშვილიანობისაკენ.

საკვანძო სიტყვები: ბავშვთა შობის დაგეგმვა, ბავშვთა იდეალური, სასურველი და მოსალოდნელი რაოდენობა.

ყოველ ადამიანს თავისი აზრი და დამოკიდებულება აქვს დემოგრაფიული პროცესების მიმართ. ეს აზრი და დამოკიდებულება ძირითადად გამომუშავდება ეროვნული, ოჯახური ტრადიციების, რელიგიური მრწამსის, ცხოვრების კონკრეტული პირობების, განათლების დონისა და იმ სოციალური გარემოს მეშვეობით, რომელშიც ადამიანებს უხდებათ ცხოვრება.  მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დემოგრაფიულ ქცევებზე დიდ გავლენას ახდენს სარწმუნოება. რეპროდუქციული ქცევა დემოგრაფიული ქცევების რიცხვს მიეკუთვნება და მის შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის შესაძლებლობას გვაძლევს, გავარკვიოთ რეპროდუქციის პროცესებზე ობიექტივაციისა და ნებელობის გავლენა, დღევანდელი მდგომარეობა და მოსალოდნელი შედეგები. მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ქცევის შესწავლა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებში, განსაკუთრებით კი მართლმადიდებელ მორწმუნეებში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა და უმრავლესობა მართლმადიდებელია, და, მეორეც, მათი ქცევის სახელძღვანელო ის მცნებებია, რასაც მართლმადიდებლობა ქადაგებს.

არაერთმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას და მის წინამძღვარს  – კათოლიკოს პატრიარქს, ილია II ყველაზე მაღალი ავტორიტეტი და ნდობის ხარისხი აქვს საზოგადოებაში. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ მისი დამსახურებით მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებები მოხდა ქვეყნის დემოგრაფიულ მაჩვენებლებში. მისმა უწმინდესობამ, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2007 წელს მართლმადიდებელ მოსახლეობას გაუკეთა შემოთავაზება, რომლის თანახმად, ჯვარდაწერილი წყვილის ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვის ნათლია პატრიარქი იქნებოდა. საქსტატის მონაცემებიდან ნათლად ჩანს ამ მოწოდების შემდეგ შობადობაში განხორციელებული  ცვლილებები – ცოცხლად დაბადებულთა შთამბეჭდავი ზრდა უკვე 2008 წლიდან. ამასთან, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება ცოცხლად დაბდებულთა რიგითობის განაწილებაში. კერძოდ, 2007 – 2015 წწ დაბადებულთა საერთო რაოდენობაში მესამე და შემდგომი რიგითობის ბავშვთა წილი 10,9%-დან 18,3%-მდე გაიზარდა. შესაბამისად 1,4 -დან 2,2 ბავშვამდე გაიზარდა შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი. გაუმჯობესდა მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტიც, რომლის შეფასების მაჩვენებელიც ერთის ზევით დაფიქსირდა. ეს დემოგრაფიული მაჩვენებლები გვიჩვენებს, რომ 2009 წლიდან, შობადობის თვალსაზრისით, მოსახლეობის დეპოპულაციური პროცესი შეჩერებულია და იგი მოსახლეობის გაფართოებულ აღწარმოებას უზრუნველყოფს, რაც 1991 წლის შემდეგ 2009 წლამდე არ დაფიქსირებულა (ა. სულაბერიძე 2016). მართალია, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილების წილი, მაგრამ პირველი შვილის წილი შემცირდა.  ეს ტენდენცია 2015 წელსაც გაგრძელდა. წინა წელთან შედარებით პირველი შვილის პროცენტული წილი 1,8  პუნქტით შემცირდა, მესამე და მომდევნო შვილის პროცენტული წილი 1,8-ით გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი უცვლელი დარჩა (საქსტატი).           

 შობადობაზე მოქმედი ერთ-ერთი ძირთადი ფაქტორია შვილთა ყოლის მოთხოვნილება. ის სხვა მოთხოვნილებასთან კავშირში განისაზღვრება. პაატა გუგუშვილი წერდა: „ბავშვებზე მოთხონილება – კაცობრიობის ისტორიის ერთ–ერთი უნივერსალური ფასეულობაა. ბავშვზე, შვილზე მოთხოვნილება მარადიული ფენომენია და საპატიო ადგილი უჭირავს ადამიანის მორალურ ფასეულობათა სისტემაში“ (პ. გუგუშვილი, 1985).

 ოჯახში ხდება ბავშვთა შობის დაგეგმვა, რაც ბავშვთა გარკვეული რაოდენობის ყოლას გულისხმობს. მეუღლეები განსაზღვრავენ ბავშვთა სასურველ რიცხვს, ბავშვთა შობის ინტერვალს, ბავშვის სქესს. ამდენად, ბავშვთა შობის დაგეგმვა შიდაოჯახური რეგულირების მეშვეობით ხორციელდება. მკვლევართა აზრით, ბავშვთა შობის დაგეგმვა ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების არსებობას. იგი დადებითად მოქმედებს ბავშვებისა და დედების ჯანმრთელობაზე. ბავშვთა შობის დაგეგმვა ხორციელდება რეპროდუქციული ციკლის ბუნებრივ მსვლელობაში ცნობიერი ჩარევით. გამოიყენება ჩარევის ისეთი მეთოდები, როგორიცაა აბორტი, კონტრაცეფტივი და სხვა.

მართლმადიდებელი ეკლესია  „არასასურველი შვილის“ აღნიშნული მეთოდების გამოყენებით მოშორების წინააღმდეგია, რადგან ეს საქციელი წინასწარი განზრახვით, ცნობიერად ხორციელდება, ეს ქმედება შეფასებულია, როგორც მკვლელობა. რწმენიდან გამომდინარე, რესპონდენტების 50% თვლის, რომ ოჯახში შვილთა ყოლის რაოდენობა „ღმერთის ნებით წყდება“ და არა ცოლ-ქმრის (42,9%) ან რომელიმე მეუღლის (ქმარი– 2%, ცოლი –0,4%) ნებით. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ მორწმუნეთა ოჯახების უმრავლესობაში შვილთა შობის დაგეგმვა არ ხდება [1].

ჯერ კიდევ 2004 წელს ელგუჯა მენაბდიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა სოციოლოგიური გამოკვლევა  თემაზე: “მართლმადიდებელ მორწმუნეთა ოჯახური ფასეულობები და დემოგრაფიული ორიენტაციები“ [2].  ჩვენ საშუალება გვაქვს, ამ ორი კვლევის საფუძველძე წარმოვაჩინოთ განიცადა თუ არა ტრანსფორმაცია მართლმადიდებელ მორწმუნეთა რეპროდუქციულმა ქცევამ.  ცხრილ 1-ში მოყვანილია ორი კვლევით მიღებული შედეგები, საიდანაც იკვეთება, რომ შემცირებულია იმ რესპონდენტების რიცხვი, ვინც ბავშვთა შობის დაგეგმვა ღმერთს მიანდო. ასევე შემცირებულია არასასურველი ბავშვის აბორტის საშუალებით მოშორება, გაზრდილია კონტრაცეპტივების გამოყენება.

ცხრილი 1

 ბავშვთა შობის დაგეგმვის მეთოდები ქორწინებაში მყოფ რესპონდენტებში (%)

 ხდება თუ არა ბავშვთა შობის დაგეგმვა თქვენს ოჯახში

2004

2015

მამაკაცი

ქალი

სულ

მამაკაცი

ქალი

სულ

არა, ეს საქმე ღმერთს მივანდეთ

94,5

90,6

91,8

83,0

86,0

85,2

დიახ, მარხვის დაცვით

1,9

3,3

2,8

დიახ, კონტრაცეპტივების საშუალებით

3,8

 

5,6

 

5,1

 

11,3

 

7,4

 

8,6

დიახ, აბორტის საშუალებით

1,7

3,8

3,2

0,0

0,8

0,6

არ უპასუხა

3,8

2,5

2,8

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შობადობის შიდაოჯახური კონტროლი გულისხმობს სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორისაა შვილთა სასურველი რაოდენობა და სასურველი სქესი. იქიდან გამომდინარე, რომ რესპონდენტთა უმეტესობა შობადობის შიდაოჯახურ კონტროლს არ ახდენს იმ მიზეზით, რომ „ეს საქმე ღმერთის ნებით წყდება“, სრულიად ლოგიკურია, რომ  ბავშვთა სქესსაც არსებით მნიშვნელობას არ ანიჭებს, რადგან ესეც ღვთს ნების გამოხატულებად მიაჩნია

 ცხრილი  2

ბავშვის სქესის წინსაწარი ცოდნის გავლენა ბავშთა სასურველი რაოდენობის ყოლაზე(%)

 

სულ

დიახ

არა

არ ვიცი

თქვენთვის სასურველი ბავშვების რაოდენობაში მნიშვნელობა აქვს თუ არა ბავშვის სქესს

13,2

86,4

0,4

თუ თქვენ დაგეგმილი გქონდათ ორი ბავშვის ყოლა, მაგრამ გაიგეთ რომ მეორეც იმავე სქესისაა, იყოლიებთ თუ არა მას

93,9

1,4

4,7

რეპროდუქციულ ქცევაში იგულისხმება აქტივობა, რომელიც მიმართულია ბავშვთა ყოლის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.  მას განსაზღვრავს ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება და ის სიტუაცია, რომელშიც შესაძლებელია ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება. პიროვნების რეპროდუქციული ქცევის ორიენტაციის გარეგანი საშუალებების სახით, რეპროდუქციული ნორმები წარმოადგენს ბავშვების გარკვეული რიცხვის გაჩენასთან დაკავშირებულ და სხვადსახვა სოციალურ და სოციალურ-ფსიქოლოგიურ ჯგუფში მიღებული პრინციპებისა და ქცევის ნორმებს. ანტონოვის განმარტებით, ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება წარმოადგენს ინდივიდის სოციალურ-ფსიქოლოგიურ თვისებას, რაც იმაში ვლინდება, რომ ბავშვების გარეშე და მათი შესაფერისი რიცხვის გარეშე ინდივიდი, როგორც პიროვნება, განიცდის დაბრკოლებას (Антонов А. И).

ბავშვების ყოლის მოთხოვნილება ადამიანს სოციალური გარემოს ზემოქმედებით უყალიბდება, ამიტომ ის შეძენილ ტენდენციას წარმოადგენს. ფსიქიკური ფენომენები, რომლებიც რეპროდუქციული ქცევის პოზიტიურ ძალებად განიცდება და წარმართავს ადამიანს ბავშვების ყოლისაკენ ბავშვების ყოლის მოტივებად იწოდება. ისინი განაპირობებენ ნებისმიერი რიგითობის ბავშვების ყოლას. განასხვავებენბავშვების ყოლის  ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და  სოციალურ მოტივებს. ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება განსხვავდება საზოგადოების, ცალკეული სოციალური ჯგუფების, ოჯახის და პიროვნების დონეზე. მასზე დიდ გავლენას ახდენს რელიგიური მრწამსი. ამის ნათელი დადასტურებაა ჩვენ მიერ მორწმუნე მართლმადიდებლებში ჩატარებული კვლევის შედეგები.

მართლმადიდებელი მორწმუნეების რეპროდუქციული ქცევის თავისებურებეს განვიხილავთ ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა: ბავშვების იდეალური, სასურველი და მოსალოდნელი (დაგეგმილი) რიცხვი.

ბავშვების საშუალო იდეალური რიცხვი ახასიათებს ადამიანის წარმოდგენას, საერთოდ, ოჯახში ბავშვთა საუკეთესო რაოდენობის შესახებ, მაგრამ არა აუცილებლად თავის ოჯახში. სასურველი რიცხვი კი განიხილება როგორც მაჩვენებელი, რომელიც ყველაზე ახლოს ახასიათებს ბავშვებზე ინდივიდუალურ მოთხოვნილებას და გამოხატავს რესპონდენტთა პიროვნული უპირატესობის გამოვლენას ბავშვების იმ რაოდენობასთან დაკავშირებით, რომელიც რესპონდენტს უნდოდა რომ ჰყოლოდა, თუკი მას ხელს არაფერი შეუშლიდა ამ ბავშვთა რაოდენობის ყოლის სურვილში.

მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვთა როგორც იდეალური, ისე სასურველი რაოდენობა სამ ბავშვს აღემატება და ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან.  ბავშვთა საშუალო სასურველი რაოდენობა მხოლოდ ორი მეათედით ჩამორჩება იდეალურს. ამ მხრივ მართლმადიდებელი მორწმუნეები გამოირჩევიან, რადგან არც ერთ სხვა სოციალურ ჯგუფში ეს ტენდენცია არ შეინიშნება.

ბავშვთა მოსალოდნელი (ან დაგეგმილი) რიცხვი ბავშვთა ის რაოდენობაა, რომლის ყოლასაც საერთოდ აპირებს ადამიანი. ის ახასიათებს ადამიანის და ოჯახის რეპროდუქციული გეგმების რეალურ განზრახვებს მათი ცხოვრების კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. სტატისტიკოს დემოგრაფთა მიერ ეს მაჩვენებელი განიხილება როგორც პროგნოზირებისათვის ყველაზე მეტად პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე სიდიდე. ვინაიდან ბავშვების მოსალოდნელი რაოდენობა (სულ) შეადგენს ბავშვების ფაქტობრივი რაოდენობის და ბავშვების მოსალოდნელი რაოდენობის (კიდევ) ჯამს, ამიტომ, შესაძლებელია, განვიხილოთ როგორც რეპროდუქციული განწყობა (გ. წულაძე, ა. სულაბერიძე, ნ. მაღლაფერიძე).

ცხრილი 3

 

 რეპროდუქციული განწყობა მართლმადიდებელ მორწმუნეებში (საშუალო)

 

მამაკაცი

ქალი

სულ

რამდენი ბავშვი უნდა იყოს, საერთოდ, ოჯახში

3,41

3,30

3,32

პირადად თქვენ რამდენი ბავშვის ყოლა გსურთ

3,25

3,11

3,12

ამჟამად რამდენი ბავშვი გყავთ

1,86

1,87

1,87

კიდევ რამდენი ბავშვის ყოლას აპირებთ

1,91

2,29

2,18

ბავშვთა მოსალოდნელი რაოდენობა

3,77

4,16

4,05

 ბავშვების მოსალოდნელი რაოდენობა არის ბავშვების ის რაოდენობა, რომლის ყოლასაც აპირებს ადამიანი საერთოდ, „ბავშვების ყოლის მოთხოვნილებიდან“ გამომდინარე და კონკრეტული ცხოვრებისეული პირობების გათვალისწინებით. ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება წარმოადგენს ბავშვების რაოდენობის ინდივიდუალურ ოპტიმუმს კონკრეტულ პირობებში. ეს მაჩვენებელი 2015 წელს გამოკითხულ მართლმადიდებელ მორწმუნეებში აღემატება 2004 წლის  მონაცემს.

 ცხრილი 4

ბავშვთა რეალური და მოსალოდნელი რაოდენობა 2004 და 2015 წლებში გამოკითხულ მართლმადიდებელ მორწმუნე რესპონდენტებში (საშუალო)

 

2004 წელი

2015 წელი

ამჟამად რამდენი ბავშვი გყავთ

2,33

1,87

კიდევ რამდენი ბავშვის ყოლას აპირებთ

1,62

2,18

ბავშვთა სულ მოსალოდნელი რაოდენობა

3,95

4,05

 ეკლესიაში სიარულის სიხშირე დიდ გავლენას ახდენს ბავშვთა ყოლის რაოდენობაზე. სულ ბავშვთა მოსალოდნელი  რაოდენობა ყველაზე მაღალია იმ რესპონდენტებში, ვინც ყოველ კვირას დადის ეკლესიაში და იკლებს ეკლესიაში სიარულის სიხშირის კლებასთნ ერთდ.

 ცხრილი 5   

ეკლესიაში სიარულის სიხშირის გავლენა ბავშვთა რაოდენობაზე (საშუალო)

 

უფრო ხშირად ვიდრე კვირაში ერთხელ

 

კვირაში ერთხელ

თვეში ერთხელ

წელიწადში რამდენჯერმე

საეკლესიო დღესასწაულებზე

 

 

 

 

ბავშვების იდეალური საშუალო რაოდენობა

3,5

3,4

3,2

3,3

2,9

ბავშვების სასურველი საშუალო რაოდენობა

3,5

3,1

3,1

2,9

2,7

ამჟამად ბავშვების საშუალო რაოდენობა

2,4

2,2

1,8

1,8

1,9

კიდევ რამდენი ბავშვის ყოლას აპირებს

2,8

2,6

2,7

2,1

2,3

ბავშვთა სულ მოსალოდნელი რაოდენობა

5,2

4,8

4,5

3,9

4,2

    მონაცემები გვიჩვენებ, რომ საკმაოდ ძლიერია ეკლესიურობის გავლენა მორწმუნე მართლმადიდებელთა რეპროდუქციულ ქცევაზე.  დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ სხვა სოციალურ ჯგუფებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში ოჯახები ძირითადად ორიენტირებულნი არიან ორშვილიან ოჯახებზე[3]. ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება საშუალოდ მოსახლეობის მარტივ აღწარმოებასაც კი ვერ უზრუნველყოფს. ქორწინებაში მყოფი რესპონდენტების ბავშვების საშუალო სასურველი და სულ მოსალოდნელი რაოდენობა დაახლოებით 2,5-ია. მართალია, მართლმადიდებელ მორწმუნეებში შესაბამისი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება (4,05) მოყვანილ მაჩვენებელს, მაგრამ არასაკმარისია იმისთვის, რომ გააწონასწოროს ქორწინებაში არმყოფები, უშვილოები და ისინი, რომლებსაც არ შეუძლიათ ერთ ან ორ შვილზე მეტის ყოლა.

დასკვნა

ამრიგად, კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით გამოიკვეთა, რომ მართლმადიდებელ მორწმუნე რესპონდენტების რეპროდუქციულ ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს რელიგიური მრწამსი.

● სარემუნოებიდან გამომდინარე, მათი ოჯახების უმრავლესობაში არ ხდება არც ბავშვთა შობის და არც ბავშვის სქესისი დაგეგმვა.

● ყველა სხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისაგან განსხვავებით, მართლმადიდებელ მორწმუნე რესპონდენტებში ბავშვთა იდეალური და ბავშვთა სასურველი რაოდენობა თითქმის თანაბარია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ, საერთოდ ოჯახში ბავშვთა საუკეთესო რაოდენობის შესახებ მათი წარმოდგენა თითქმის თანხვედრაშია თავის ოჯახში სასურველ ბავშვთა რიცხვთან.

● ბავშვთა მოსალოდნელი რაოდენობა საკმაოდ მაღლია არა მხოლოდ სხვა სოციალური ჯგუფის ანალოგიურ მაჩვენებელზე, არამედ უსწრებს მართლმადიდებელი მორწმუნეებს  წინა წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებელსაც.

● ეკლესიაში სიარულის სიხშირე დიდ გავლენას ახდენს  ბავშვთა ყოლის რაოდენობაზე. ბავშვთა მოსალოდნელი რაოდენობა ყველაზე მაღლია იმ რესპონდენტებში ვინც  კვირაში რამდენჯერმე დადის ეკლესიაში და ეს მაჩვენებელი იკლებს ეკლესიაში სიარულის სიხშირის კლებასთან ერთდ.

● ბავშვთა მოსალოდნელი რაოდენობა დემოგრაფიაში განიხილება, როგორც პროგნოზირებისათვის ყველაზე მეტად პრაქტიკული მნიშვნელობის სიდიდე. მართლმადიდებელი მორწმუნეების მოსალოდმელი ბავშვების მაჩვენებლის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათი რეპროდუქციული ქცევა მიმართულია საშუალოშვილიანობიდან მარავალშვილიანობისაკენ გაცნობიერებული მოთხოვნილებით, თუმცა არასაკმარისია იმისათვის, რომ გააწონასწოროს ქორწინებაში არმყოფები, უშვილოები და ისინი, რომლებსაც არ შეუძლიათ ერთი ან ორ შვილზე მეტის ყოლა.

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. პ. გუგუშვილი, ნებით ნუ გადავშენდებით. გაზეთი „თბილისი“, 1985 წლის 19 ოქტომბერი №242(9860), გვ. 6.
  2. ა. სულაბერიძე, საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ზოგადი ტენდენციები. წიგნში: „საქართველოში მართლმადიდებელ მორწმუნეთა დამოკიდებულება სოციალურ- დემოგრაფიული ქცევისა და ოჯახის პრობლემებისადმი. 2016, გვ 19–20.
  3.  გ. წულაძე, ა. სულაბერიძე, ნ. მაღლაფერიძე, დემოგრაფია, სახელმძღვანელო. თბ, 2007, გვ 132.
  4. ნ. ჩიკვილაძე, სადისერტაციო ნაშრომი: „მართლმადიდებელ მორწმუნეთა ოჯახური ფასეულობები და დემოგრაფიული ორიენტაციები“. 2006.
  5. Антонов А. И. Репродуктивное поведение. Народонаселение,  Энциклопедический словарь. М. 1994.
  6. GeoStat.Ge


[1] წარმოდგენილი ნაშრომი ეყრდნობა დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2015 წელს მართლმადიდებელ მორწმუნეებში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკვლევას. გამოკვლევის ჩატარებაში უდიდესი დახმარება გაგვიწია თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორმა პროტოპროსვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და პრორექტორმა ბესარიონ ცინცაძემ. გამოიკითხა 1200 მართლმადიდებელი მორწმუნე.

[2] ამ კვლევის შედეგები სრულადაა ასახული ნინო ჩიკვილაძის სადისერტაციო ნაშრომში: „მართლმადიდებელ მორწმუნეთა ოჯახური ფასეულობები და დემოგრაფიული ორიენტაციები“ 2006.

[3]2013 წელს დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტმა საქართველოს სამ ქალაქში: თბილისი, ქუთაისი და კასპი, ჩაატარა გამოკვლევა თემაზე: „ოჯახის სოციალურ–დემოგრაფიული მოდერნიზაციის თავისებურებანი“, რომლის შედეგები, სხვა საკითხებთან ერთად, საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნას 18–49 წლის ქალების და მამაკაცების რეპროდუქციულ ქცევასთან დაკავშირებული საკითხები.